„სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. სახლში დასთან, 14 წლის გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. ორი მანქანით მისულა ის ბიჭი, ნათესავებთან და ძმაკაცებთან ერთად. სად წაიყვანეს, არ ვიცით. ის ბიჭიც ჩვენი სოფლიდანაა, 24 წლის იქნება“, - უთხრა „რეგინფოს“ მუბარიზ მამედოვმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან, ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.