weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2021

გორში „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

17:41 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018 hits 1195

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა გორში, „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია „რუსთავი 2-ის“ ეთერში იმ ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ დაიგეგმა, სადაც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ოფისის წინ ისინი უსტვენდნენ და სკანდირებდნენ „მონებო“.

„ჩვენი აქ მოსვლა აღშფოთება იყო გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ხალხისთვის არ არის მოსული. ის მოსულია იმისთვის, რომ 90-იან წლებში არსებული კლანური მმართველობა გადმოიტანოს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ყველაფერში პარლამენტის დეპუტატები არიან ჩართული. 28 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამთავრდეს. აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“, - განაცხადა აქციაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვასილისა ჯაბახაძემ.

საპროტესტო აქციაზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვლის საწინააღმდეგო განცხადებებიც ისმოდა. ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა ამომრჩევლებს მოუწოდეს, სალომე ზურაბიშვილს ხმა არ მისცენ.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საუბარი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. სუბელიანთან ერთად საკანში პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ იგი უკმაყოფილოა მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას. იგი მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთხოვს და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.

პროკურატურის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერზე საგამოძიებო მოქმედებები 12 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ი.პ.-მ განაცხადა, რომ მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა, კერძოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება მოსთხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]