weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლამბალოდან გატაცებული გოგონას მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართება

16:04 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ოთხი დღის წინ, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გატაცებული 17 წლის გოგონას მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართება. ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია მთავრობის კანცელარიასთან 19:30 საათზე დაიწყება.

ქალთა მოძრაობის განცხადებით, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებში ხშირია ცოლად მოყვანის მიზნით გოგონების გატაცება და ასეთ შემთხვევებზე საგამოძიებო სტრუქტურები პრაქტიკულად თვალს ხუჭავენ. ქალთა მოძრაობას მიაჩნია, რომ ეს მავნე პრაქტიკა სახელმწიფოს უმოქმედობით არის წახალისებული.

„პოლიცია ვერასდროს პოულობს გამტაცებელს, რომელიც ხშირად მეზობელ სოფელშია დამალული ნათესავებთან. სახელმწიფო ელოდება, როდის მორიგდებიან ოჯახები ერთმანეთში, შემდეგ კი ან სრულიად წყდება გამოძიება ან ფორმდება 5000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება. ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგონები ისეთი დაუცველები არიან საქართველოში, რომ მათ სკოლებს არ ამთავრებინებენ, ხშირად მშობლებს თვითონ დაჰყავთ 15-17 წლის გოგონები სკოლაში, რადგან მათთვის მარტო გადაადგილება სახიფათოა“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებია:

შეწყდეს აზერბაიჯანელი გოგონების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ;

გატაცებული გოგოს ძებნაში ჩაერთოს ყველა სახელმწიფო ორგანო, რომელსაც შეუძლია სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს საქმე პირად ზედამხედველობაზე აიღოს;

გამოქვეყნდეს და გავრცელდეს გატაცებულის და გამტაცებლის ფოტოები, რათა საზოგადოება ჩაერთოს გოგოს ძებნაში;

დაისაჯოს არა მხოლოდ გამტაცებელი, არამედ ყველა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა და ვინც დანაშაულის შესახებ სახელმწიფოს არ შეატყობინა;

ხელისუფლებამ შეიმუშაოს ადრეული ქორწინებისა და გატაცების წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგია და ბოლო მოუღოს დისკრიმინაციულ დანაშაულს და პრაქტიკას საქართველოში.

მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 12 ოქტომბერს გაიტაცეს. ოჯახის ინფორმაციით, ის სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო და სახლში 14 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]