weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა

10:58 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018
ფოტო: ipn.ge ფოტო: ipn.ge

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა დახურულ სხდომაზე იმსჯელა.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მალხაზ კობაურს ბრალად ქელები სმიტის და რაიან სმიტის მკვლელობა ედება. პროკურორის განმარტებით, კობაურს ლორა სმიტთან დაკავშირებით ბრალი წარდგენილი არ აქვს, რადგან მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება მამა-შვილის ეპიზოდს, პროკურორის მტკიცებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლვა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მკვლელობა კობაურმა ჩაიდინა.

„დადგენილია, რომ ლორა სმიტი გარდაცვლილია წყალში გაგუდვით. მის სხეულზე ასევე აღინიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები.

დღემდე მოპოვებული მტკიცებულებები, ეს იქნება სპერმის კვალი, თუ სხვა გარემოებები, უთითებენ მალხაზ კობაურის ლორა სმიტთან შემხებლობაზე.

ბრალდების წარდგენას აქვს თავისი სტანდარტი, მტკიცებულებათა ერთობლიობა და ამ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

კობაურის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა: „საქმეში არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება მალხაზ კობაურის მიერ არის ჩადენილი“.

43 წლის რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

სასამართლომ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 11 ივლისს შეუფარდა. 27 აგვისტოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და კობაური პატიმრობაში დატოვა.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]