შსს-ს განცხადებით, ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.
შს სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო.
„ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს შსს-ში.
„გირჩს“ თბილისში, დედაენის ბაღში დღეს „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვა იყო, რომლითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.