weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხორავას ქუჩის საქმის მთავარ მოწმეს ჩვენების შესაცვლელად 10 ათასი შესთავაზეს - ფარული ჩანაწერი

09:55 კვირა, 21 ოქტომბერი 2018

„რუსთავი 2“ ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად მოკლული 16 წლის დავით სარალიძის საქმის მთავარი მოწმის მოსყიდვის მცდელობას ეხება.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, მათ მიერ მოპოვებული ახალი, სამსაათიანი აუდიოჩანაწერი გლდანის ციხეშია გაკეთებული. სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება. საუბარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც ესწრება.

„რუსთავი 2“ იუწყება, რომ მირზა სუბელიანი 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმისგან, დ.მ.-სგან, რომლის მამაც დეკანოზია, სასურველი ჩვენების მოპოვებას ფულის სანაცვლოდ ცდილობდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, დავით ცუხიშვილი სუბელიანს უყვება, რომ 10 ათასი (ვალუტა არ დასახელებულა) ეკლესიის შესაწირ ყუთში ჩააგდო, საქმეში ეკლესიის და ქუჩის ავტორიტეტებიც ჩართო, თუმცა დეკანოზმა ფული უკან დააბრუნა და შვილს ჩვენება არ შეაცვლევინა.

აუდიოჩანაწერში, რომლის გაკეთების თარიღიც უცნობია, ისმის:

დავით ცუხიშვილი: მოკლედ, ჩავაგდეთ დესიტ ტისიჩი ეკლესიაში, შესაწირში და ჩვენება შეიცვალა.

მირზა სუბელიანი: მამაოს შვილზეა ლაპარაკი.

დავით ცუხიშვილი: ჰო, მამაოს შვილს ჩავუგდეთ დესიტ ტისიჩი. ბიძა მაგის, ბრალდებულის ბიძა ამერიკაშია, მილიონერია. ჩვენ, მთელი მამაოები, რა ვიცი, თუ ვინმე მამაო ავტორიტეტი იყო და ქუჩის ბიჭები და ყველა... ერთი ამბები იყო... და ამან დაუბრუნა ეს ათი ათასი და თავის შვილს ჩვენება არ შეაცვლევინა. ათი ათასი ჩაუგდეს, რომ ჩვენება შეეცვალა“.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერებიდან არ ჩანს, ჩვენაბაში რა უნდა ეთქვა მოწმე დ.მ.-ს და რა არ ათქმევინა მამამ 10 ათასის სანაცვლოდ.

ტელეკომპანიის ცნობით, ივლისის ბოლოს, დეკანოზის შვილმა წინასწარ და სასამართლო გამოძიებაში მიცემული ჩვენება პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეცვალა. კერძოდ, მოწმემ თქვა, რომ მოკლულ დავით სარალიძეს მირზა სუბელიანის ოჯახის წევრიც, მ.კ.-ც ურტყავდა. საგანი, რომლითაც, სავარაუდოდ, მ.კ. სარალიძეს ჭრილობებს აყენებდა, სასულიერო პირის შვილმა საგამოძიებო კომისიის წევრებს ფურცელზე დაუხატა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ჩვენების შეცვლაზეა საუბარი „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ამ აუდიოჩანაწერში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე განაჩენი 31 მაისს გამოიტანა. განაჩენის მიხედვით, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი გ.ბ., ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. შესაბამისად, უცნობია, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]