როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „რეგინფოს“ უთხრეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლია დატბორილი. მათივე ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ზარალი მუდმივად იზრდება.
სტიქიის შედეგად დაზარალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები ღრმაღელე, სუფსა, ჭანჭათი, ნიგოეთი, ნიგვზიანი, ჩაბათი, აკეთი და ჭყონაგორა, სადაც წაღებულია ხიდები, დატბორილია სახლები, გზები და ნაკვეთები. ზოგიერთ სოფელში მეწყერია ჩამოსული.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, საგანგებო შტაბი უკვე შექმნილია და ზარალს ითვლიან. მისივე განცხადებით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახური და გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უამინდობა 17 ივნისამდე გაგრძელდება.