ამასთან, წინასაარჩევნო გარემოს შუალედურ შეფასებაში საია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას აგიტაციაში ხელშეშლის, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური განცხადებების გარეშე არ ჩაუვლია. გარდა ამისა, ისევე როგორც 2016-2017 წლებში, კვლავ აქტუალური იყო ფარული ჩანაწერების გავრცელება.
წინასაარჩევნო პერიოდში საიამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი ფაქტი დააფიქსირა. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებისთვის სავარაუდოდ უკანონო დაპირების გაცემას და ე.წ. „საგარანტიო სერტიფიკატების“ გადაცემას, რასთან დაკავშირებითაც საიამ აუდიტის სამსახურს მიმართა.
წინასაარჩევნო პერიოდში საიამ დააფიქსირა ფიზიკური დაპირისპირების სამი ფაქტი: „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაპირისპირება ქუთაისში, თიანეთსა და კასპში; ასევე, ქუთაისში ჟურნალისტისთვის საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ერთი ფაქტი;
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში, დაქვემდებარებული პირების კამპანია/აგიტაციაში ჩართვისას, ადგილი ჰქონდა სავარაუდო ზეწოლის ოთხ ფაქტს. ასევე, პოლიტიკური სამსახურიდან სავარაუდო გათავისუფლების ერთ ფაქტს.
წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 5 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპების თანამშრომლებისთვის მხარდამჭერთა სიების მობილიზების დავალება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების და საინფორმაციო მომსახურების სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.
წინასაარჩევნო პერიოდში საიამ უკანონო აგიტაციის სავარაუდო ოთხი ფაქტი გამოავლინა, მათ შორის, საჯარო მოხელეების მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაცია სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელის პირადი გვერდების მეშვეობით და სასულიერო პირების მიერ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აგიტაცია.
საიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში კამპანიურ ხასიათს ატარებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიერ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრების კონტრაგიტაცია და ხელშეშლა.
ასევე, საპრეზიდენტო კანდიდატებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და მათი შეურაცხყოფა სოციალური ქსელების საშუალებით.
საიას შუალედურ შეფასებაში სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტებიც მოხვდა, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერების წითლად შეღებვა, წარწერით - KGB, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის,დავით ბაქრაძის პლაკატებზე საღებავის შესხმა და სხვა.
საიას განცხადებით, ტენდენციად გამოიკვეთა ე.წ. „ტექნიკური კანდიდატების“ დასახელება, რომელთა მიზანი არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერა და საარჩევნო სუბიექტებისათვის დამატებითი რესურსის (დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სარეკლამო დრო) მოპოვება იყო.
საიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა საარჩევნო პროცესებში ჩართული უწყებების (საარჩევნო ადმინისტრაცია, უწყებათაშორისი და კომუნიკაციების ეროვნული კომისია) მხრიდან დესტრუქციული, არაკოლეგიალური, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებული განცხადებების კეთების ტენდენცია არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით კი - სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ.
„ამან შექმნა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც, არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას“, - განაცხადეს საიაში.
წინასაარჩევნო პერიოდში საიას მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილი 7 საჩივრებიდან ერთი დაკმაყოფილდა, ერთი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, ხოლო 5 - არ დაკმაყოფილდა.
საიას შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო დავების განხილვისას გამოიკვეთა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები უმრავლეს შემთხვევაში, სრულყოფილად არ სწავლობენ საჩივრებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, არაჯეროვნად ატარებენ ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისად, იღებენ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს თბილისსა და რეგიონებში 400 დამკვირვებლის საშუალებით დააკვირდება.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 46-მა საარჩევნო სუბიექტმა/საინიციატივო ჯგუფმა მიმართა და პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა. საბოლოოდ, რეგისტრაცია 25-მა პრეზინდეტობის კანდიდატმა გაიარა. პირველად, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების ისტორიაში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა და მხარი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.