weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„პანკისის სახალხო კრება“ ჰესების მშენებელი კომპანიის ახალ შეთავაზებებს განიხილავს

00:14 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

26 ოქტომბერს, სოფელ დუისში „პანკისის სახახლო კრება“ ხეობის მცხოვრებლებთან შეხვედრას გამართავს, სადაც ჰესების მშენებელი კომპანიის ახალ შეთავაზებებს განიხილავენ. შეხვედრა პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე 15:00 საათზე დაიწყება.

„პანკისის სახალხო კრების“ განცხადებით, ისინი ხეობაში ახალი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგები არიან, თუმცა განსხვავებულ მოსაზრებებსაც მოისმენენ.

შეხვედრის შესახებ „სახალხო კრებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პანკისის სახალხო კრების“ წარმომადგენლები შეხვდნენ კომპანიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კომპანიის მხარემ წარმოადგინა ახალი პირობები. მათი თქმით, ამ პირობებს შეასრულებენ, თუ მოსახლეობა ბირკიანში ახალი ჰესის აშენების ნებას დართავს: არსებული ელექტროგადამცემი ხაზების გადატანა სოფლიდან მოშორებით; ომალოში სასმელი წყლის გაყვანა; ბირკიანისა და ძიბახევის ნაწილისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება.

ჩვენ, „სახალხო კრების“ წარმომადგენლები, მივედით იმ დასკვნამდე, რომ პანკისში უკვე აშენებული და ასევე დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობით მიღებული ზიანის ალბათობა იმდენად დიდია, რომ ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების სანაცვლოდ, ამ რისკებზე წასვლის წინააღმდეგნი ვართ.

რაც შეეხება ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის საკითხს, მიგვაჩნია, რომ სოფლის შუაგულში მისი გაყვანა იყო შეცდომა და მოსახლეობისთვის საშიში. შესაბამისად, პანკისის ხეობაში უკვე მოქმედი ჰესების მეპატრონეებმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ხაზების გადატანა.

"პანკისის სახალხო კრება" აცნობიერებს, რომ ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი და შესაბამისად, დაუშვებელია, ცალკეული პიროვნებების თუ ჯგუფების მიერ გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღება, თუნდაც პანკისის ხეობის მოსახლეობის მიერ არჩეული ისეთი ორგანიზაციის მხრიდან, როგორიც „სახალხო კრებაა“.

თუ მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ მათთვის უკეთესია შემოთავაზებული პირობების მიღება, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავყვეთ ხალხის ნებას, რადგან „სახალხო კრების“ მთავარი მოვალეობა მოსახლეობის ინტერესების დაცვაა“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ალაზანი ენერჯის“ აქვს. ჰესის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. ეს პანკისის ხეობაში მესამე ჰესი იქნება.  მისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება.

„პანკისის სახალხო კრება“ დაახლოებით ორი თვის წინ ჩამოყალიბდა. მასში უხუცესები და ახალგაზრდები არიან გაერთიანებულნი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]