„ზარი რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. მიუხედავად ამისა, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) მიიღო გადაწყვეტილება, ქუთაისი-ვარშავის ავიარეისი ნომრით W6 1576, დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ჩატარებოდა დამატებითი შემოწმება“, – განაცხადეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბუქარესტის აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბომბის საფრთხის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტში ქალისგან მიიღეს, რომელიც ძალიან ზუსტ დეტალებზე საუბრობდა.
საგანგებო დაშვების შემდეგ, თვითმფრინავის ბორტიდან 173 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრია. სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქუთაისის აეროპორტში ქალმა დარეკა, რომლის სიძეც ვარშავაში მიფრინავდა.
„სიდედრმა დარეკა აეროპორტში და იკითხა, გაფრინდა თუ არა უკვე ქუთაისი-ვარშავის რეისი. როდესაც ოპერატორისგან პასუხად დასტური მიიღო, ქალბატონმა მას უთხრა - ახლა მიყურეთ როგორ აგწიოთ ჰაერშიო“, - ციტირებს „ინტერპრესნიუსი“ რესპონდენტს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.