„რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
რაც შეეხება სარალიძესთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული. აღნიშნული მუხლი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათიაშვილის თქმით, პოლიციელების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, სარალიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მათიაშვილმა განაცხადა, პოლიციელებმა ზაზა სარალიძე და მასთან ერთად მყოფი ორი პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელისკენ მიდიოდნენ.
ზაზა სარალიძე რამდენიმე თვეა მისი შვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 10 სექტემბრიდან ის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ამ მოთხოვნით მშვიდობიან აქციას მართავს. სარალიძეს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ.