ავარიის შედეგად ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მეორე მგზავრი და მძღოლი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოში უთხრეს, 36 წლის მამაკაცი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ წუხელვე თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორე, 32 წლის მამაკაცი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. მას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს და სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი დასავლეთ საქართველოდან იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.