ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.
„არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისივე თქმით, საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).
„საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს არაერთი სერვისი შესთავაზა ამ არჩევნებისთვის, რომლითაც საერთო ჯამში ამომრჩევლებმა მილიონზე მეტჯერ გადაამოწმეს სიაში მონაცემები. ამომრჩეველთა სიები დაბეჭდილია და მათი საჯარო ვერსიები უკვე გამოკრულია საუბნო საარჩევნო კომისიებში. აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების უბნებზე გადაცემის პროცესი. უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. თითოეულ საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის, უბნების 1/3-ზე მეტი, 1264 საარჩევნო უბანია ადაპტირებული და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ხმის მიცემის სპეციალური კაბინები“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.
ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია.
„მოვუწოდებთ საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, უბანზე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით არ გამოცხადდნენ.
28 ოქტომბერს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათგან 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.