weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახლი ბანკში მუშაობისას მიღებული ანაზღაურებით ავაშენე – გიორგი კვირიკაშვილი

10:35 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

„ჩემთვის ჩემი რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვთქვა, რომ სადაც ვიმუშავე, პატიოსნად ვიმსახურე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ იმ რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში მდებარე მის სახლს ეხებოდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში მიწის ნაკვეთი მაშინ შეიძინა, როცა ჯერ მთავრობის წევრი არ იყო, „სასახლე კი მას შემდეგ აიშენა, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა“. ტელეკომპანიის ცნობით, 3 475 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე ორსართულიანი სახლი ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელებული ტრადიციული სტილით არის აშენებული.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საუბარი იმაზე, თითქოს ქვეშეთში სახლი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში აიშენა, რეალობის განზრახ დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი მდებარეობს, 10 წლის წინ შევიძინე, ხოლო სახლის მშენებლობა 2010 წელს დავასრულე, რაც ასახულია კიდეც თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ვავსებ - შეგიძლიათ იხილოთ 2013 წლის (ამ დროს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ახალი დანიშნული გახლდით) ქონების დეკლარაცია, რომელიც საჯაროა, სადაც დაფიქსირებულია 250 კვ.მ. სახლი დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმ წლებში, როცა სახლი ავაშენე, საჯარო სამსახურში არ ვმუშაობდი. 2006 წლიდან 2011 წლის ბოლომდე მე ვიყავი ბანკის გენერალური დირექტორი და სიუჟეტში ნაჩვენები სახლი სწორედ ბანკში მუშაობისას მიღებული ანაზღაურებით აშენდა.

სახლის ასაშენებლად ნაწილობრივ სესხითაც ვისარგებლე, რისთვისაც იპოთეკით დატვირთულია თბილისში მდებარე სახლი, რომელშიც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და რომელიც ასევე შეძენილია 2006 წელს, იპოთეკური სესხით. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დღესაც დატვირთულია იპოთეკით, შესაბამისად, 10 წელზე მეტია, ყოველთვიურად ვიხდი ბანკში არსებულ სესხს. ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია ჩემს დეკლარაციაში, რომლის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

2006-2011 წლებში გიორგი კვირიკაშვილი „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო, 2012-2015 წლებში კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2018 წლის 13 ივნისს კი გადადგა. გადადგომის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა. ივანიშვილის თქმით კი, კვირიკაშვილი იმიტომ გადადგა, რომ მართვა აღარ შეეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]