„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო“, - განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დღეს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე.
28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. არჩევნების ჩასატარებლად შექმნილია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 518 877 ამომრჩეველი.