weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქედაში ბავშვის დაღუპვის მთავარი მიზეზი კომპანიის დაუდევრობაა – პროფკავშირები

15:10 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018
ფოტოზე პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ფოტოზე პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ეხმაურება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაძეებში ქვის კარიერზე მომხდარ აფეთქებას, რასაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროფკავშირების შეფასებით, ტრაგედიის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, ხოლო ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა.

პროფკავშირების ინფორმაციით, აფეთქების მომენტში ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს. მათივე ცნობით, დაზიანდა 300 მეტრის რადიუსში მდებარე საცხოვრებელი სახლებიც.

„პირველ რიგში გამოსარკვევია, ჰქონდა თუ არა სამუშაოს მწარმოებელს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელების ნებართვა“, - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათი შეფასებით, დარღვეულია საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2013 წლის 31 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით არის დამტკიცებული.

„რეგლამენტის მიხედვით, საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებამდე, ოპერატორი კომპანიის სამთო-გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ აფეთქების ეპიცენტრი და მიმდებარე ტერიტორია, შეადგინონ აფეთქების სქემა და მის საფუძველზე უნდა შექმნან აფეთქების პასპორტი, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრები: მოსაპოვებელი მადნის რაოდენობის, ადგილმდებარეობის, ლანდშაფტისა სხვა ლოკალური სპეციფიკების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ფეთქითი მასალის ტიპი, რაოდენობა და ფეთქითი მასალის მოთავსების ღრმულის სიღრმე. ასევე, უნდა განისაზღვროს მუხტის სიმძლავრე, აფეთქების შედეგად დაშლილი სამთო მასის გატყორცნის მიმართულება და აფეთქების მომენტში დასაქმებულთა განლაგების უსაფრთხო პოზიციები მანძილის მითითებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც აფეთქების ეპიცენტრთან საშიშ დისტანციაზე დასახლებული პუნქტი ან სხვა დანიშნულების ობიექტებია, სამუშაოს მწარმოებელი კომპანია ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რათა შემცირებული იქნას დაშლილი სამთო მასების გატყორცნის მანძილი.

მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვარაუდობს, რომ ოპერატორი კომპანიის მიერ დაირღვა ზემოთხსენებული პარამეტრების ნაწილი ან საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული რეგლამენტი“, - აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

სოფელ ჭიკაძეებში არსებულ კარიერზე სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორი კომპანიები - შპს „ალბაირაქი“ და შპს „დინამიტი-ლ.დ“ აწარმოებენ.

აფეთქების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]