„ასეთი ნევროტული და მორალურად თვითმგვემი არჩევნები იშვიათად გვქონია - ისევ ჩვენ, საწყალი ქართველი ხალხი რომ ვეძებთ გამოსავალს და ისევ და ისევ ჩვენ რომ ვაწყობთ გამოსავლის რაციონალურ კონსტრუქციებს, სადაც მთავარი ისაა, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს როგორმე... საკუთარ თავს წესად ვუქციე ამ ავტოთერაპიული მანტრის გამოერება: „შენ წახვალ არჩევნებზე და ხმას მისცემ არა შემოთავაზებულ ულვაშებიან ეგზოტიკას, არამედ იმას, რომ იმორალურ ავტოკრატ-ოლიგარქს ძალაუფლების ერთი რგოლი მაინც გამოაცალო“, – წერს ლაშა ბუღაძე.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.73% (600 970 ხმა). არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.