გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. გ. და მისი ძმა - 1965 წელს დაბადებული რ. გ. ქალაქ ზესტაფონში ფლობენ ავტოსადგურებს, საიდანაც მიკროავტობუსებით ახდენდნენ მგზავრების გადაყვანას სხვადასხვა მიმართულებით.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბრში, გ.გ.-მ საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, კანონიერი ქურდების დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. მიზნის მისაღწევად, გ.გ.-მ მასთან მომუშავე, „ქურდული სამყაროს“ წევრის - ე. ჩ.-ს მეშვეობით დასახმარებლად მიმართა, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს - ი. ფ.-ს, რომელმაც თავის მხრივ გ.გ. საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ“ - გია ცხვარაძესთან, მეტსახელად „გია სამტრედსკის“ იგივე „ბაბუს“ დააკავშირა.
„გია სამტრედსკის“ გადაწყვეტილებით გ.გ.-მ, ი. ფ.-მ და ე. ჩ.-მ შეძლეს გ.გ.-ს ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება.
კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ.
შედეგად გ.გ.-მ ძმის ბიზნესი მიისაკუთრა. დახმარებისთვის გ.გ.-სგან „კანონიერმა ქურდმა“ გია ცხვარაძემ, ი.ფ.-მ და ე.ჩ.-მ მატერიალური სარგებელი მიიღეს.
საქმეზე გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.