weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიაში ოქროს მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ

19:58 კვირა, 04 ნოემბერი 2018
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიერ სამუშაოების განახლება აქციით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, იგეგმება ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით ოქროს მოპოვება, რაც სვანეთში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს იქ ოქროს წარმოების მცდელობაც. დღეს გავიგე, რომ თურმე მუშაობენ. არ შეიძლება იქ ოქროს წარმოების დაწყება, ისიც სხვა ტომის ხალხთან“, – განაცხადა აციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სერგო ხვიბლიანმა.

„სოფელ იელში ღია წესით ოქროს მოპოვებას დაუშვებლად მიიჩნევს არა მარტო იელის მოსახლეობა, არამედ ზემო სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, იმიტომ, რომ ეს არის იმ უბედურების გამეორება, რაც კაზრეთში გვჭირს.

შარშან 600-მდე კაცმა დაიფიცა, რომ ჩინურ თუ სხვა კომპანიას იქ არავინ შეუშვებს და იქნება ისე, როგორც იყო“, – აღნიშნა ზურაბ ნიჟარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

ოქროს მომპოვებელმა ჩინურმა კომპანიამ „ოპტიკალ სისტემს ინკ“ (Optical Systems Inc) იელში სამუშაოები იძულებითი პაუზის შემდეგ, ოქტომბერში განაახლა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სოფელში მცხოვრები 150-მდე ადამიანიდან ნახევარზე მეტი ინვესტორმა დაასაქმა და ისინი ოქროს მოპოვების წინააღმდეგი არ არიან.

„დაახლოებით ასი ადამიანი იყო აქციაზე, რომელთა ნაწილი იელში არ ცხოვრობს. სოფელში კომპანიის მუშაობის შეწყვეტას არავინ ითხოვს 3-4 ადამიანის გარდა. კომპანიასთან რაზეც შევთანხმდით - კოშკების აღდგენა, სპორტდარბაზის აშენება, გზების მოწესრიგება - აკეთებენ. დასაქმებულებს ნორმალურ ანაზღაურებას აძლევენ. ოქროს მოპოვება ჯერ არ დაწყებულა და არც ციანიდის არსებობა დასტურდება. თუ ოქროს მოპოვება სვანეთს ზიანს მოუტანს, ყველა გავაპროტესტებთ“, – ამბობს იელის მკვიდრი გია ხვიბლიანი.

ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ სოფელ იელში აქტიური სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, მუშაობა შეაჩერა. იმავე წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სალიცენზიო ტერიტორია შეამოწმა, რის შედეგადაც ქიმიური ნივთიერებების გამოყენება არ დადასტურდა. 2017 წლის გაზაფხულზე სამუშაოების განახლების მცდელობას კვლავ პროტესტი მოჰყვა - კომპანიას სალიცენზიო ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანის საშუალება არ მისცეს.

„ოპტიკალ სისტემს ინკ“-მა სოფელ იელში კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვების მიზნით 15-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2005 წელს მიიღო. სალიცენზიო ტერიტორიის ფართობი 390 კვადრატურლი კილომეტრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]