საქმე ეხება ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში მიმოწერას ასახავს. ფოტოდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ სამცხე ჯავახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი არასრულწლოვან გოგონას წერს. დეპუტატის შეკითხვაზე „რამდენი წლის ხარ?“, გოგონა პასუხობს, რომ 15 წლის არის. „პატარა ხარ, მაგრამ უკვე გენდომება“, - წერს სავარაუდოდ საკრებულოს წევრი.
დეპუტატის პირადი ანგარიში სოციალურ ქსელში უკვე წაშლილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანი მოწმის სახით გამოკითხეს. მათივე თქმით, მიმდინარეობს მიმოწერის ადრესატის, ანუ არასრულწლოვნის დადგენა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საკრებულოს წევრს სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად შსს აქვს მითითებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.