weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„კაი ბიჭების“ გამო სკოლაში ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა – კაშია მოსწავლეებს ბულინგზე ესაუბრა

03:12 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. ფეხბურთელმა ბავშვებს სკოლაში ბულინგთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და რჩევებიც მისცა.

გურამ კაშიას თქმით, როდესაც ფეხბურთზე სიარული დაიწყო 6 წლის იყო და იმ დროს სპორტი ახალგაზრდებს შორის პოპულარულობით არ სარგებლობდა.

„როცა სკოლაში დავიწყე სიარული, ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთი და საერთოდ სპორტი არ იყო პოპულარული. ის დრო იყო, სპორტი არავის აინტერესებდა. აინტერესებდათ უფრო კრიმინალური მენტალიტეტი, „კაი ბიჭი“... სკოლებშიც ასე იყო: „კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტი“ და ტორტი უნდა აგერჩია აუცილებლად, თორემ ჩაჭრილი იყავი.

მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი ისპობა და სპორტი შემოდის ბავშვებში.

სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის ძალიან მეშინოდა. ფეხბურთელი რომ ვიყავი, პოპულარული არ ვიყავი, მეგობრები არ მყავდა. უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი.

მართალი გითხართ, ბუფეტში ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ „კაი ბიჭები“ იდგნენ, ოთხნი-ხუთნი და „ხურდა მომე, ბიჭო“-ს იძახდნენ. ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, რადგან მეც პატარა ვიყავი.

პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ამის გამო ვიჩაგრებოდი, მაგრამ ბულინგიც არ ვიცოდი. ჩაგვრა თუ იყო, ესეც არ ვიცოდი, რადგან სახლში მეუბნებოდნენ: „ბიჭო, არავინ დაგჩაგროს, არ იტირო“. არადა, ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, სავადმყოფოშია და ჩვეულებრივად ვტიროდი.

ტირილი არ არის სირცხვილი, შეიძლება კაცმაც იტიროს.

3 წლით უფროსი ძმა მყავს, ფეხბურთი მან მასწავლა, მან შემაყვარა. მინდოდა რომ არ შემერცხვინა ჩემი ძმა. იქ რომ ჩავიდოდი და ფულს წამართმევდნენ, მეგონა, რომ ჩემს ძმას შეურაცხყოფას მივაყენებდი ამით, ასე ვფიქრობდი. არადა, ასე არ არის, პირიქით, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა, რომ ასეთ შიშს განვიცდიდი.

თუ რამის გეშინიათ, აუცილებლად ისეთი ადამიანი უნდა მონახოთ, ვისაც ეტყვით, ვისაც გაუზიარებით თქვენს შიშს, რაც მე ძალიან ბევრი მაქვს, სხვათა შორის.

თამაშზე რომ გადიხარ და 60 ათასი ადამიანი შენს თამაშს ელოდება და აუცილებლად კარგად უნდა ითამაშო, ხანდახან ცოტა მეშინია ხოლმე და ამაში ცუდი არაფერია. ჩემს თანაგუნდელებსაც ვეუბნები ხოლმე, რომ ცოტა ვნერვიულობ და მეშინია რამე არ შემეშალოს.

ამიტომ მინდა, რომ თუ თქვენ ბულინგის მსხვერპლი ხართ, მონახოთ ისეთი ადამიანი, ვისაც ენდობით - ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ან დირექტორი, მასწავლებელი, შეიძლება მე ვიყო. დღევანდელ დროს ისეა განვითარებული ყველაფერი, „ფეისბუქზე“ არ ვარ, მაგრამ შეგიძლიათ „ინსტაგრამზე“ მომძებნოთ და თქვენი ტკივილი მე გამიზიაროთ, აუცილებლად მოგისმენთ და ვეცდები რჩევა მოგცეთ“, - უთხრა გურამ კაშიამ მოსწავლეებს.

გურამ კაშია კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩია. ის ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში განათლების მინისტრის მოადგილესთან და „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებსა და ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]