„რუსთავი 2“-ის ცნობით, შვედეთში მყოფი ემიგრანტების ნაწილმა შესაძლოა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ვერ მიიღოს, რადგან რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, საკონსულოში საკუთარი მონაცემების დარეგისტრირებას ვერ ახერხებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის ამსახველ კადრებს ერთ-ერთი ემიგრანტი ავრცელებს, რომელიც საელჩოში სამუშაო საათებში მივიდა და კარი არავინ გაუღო.
შვედეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, „რუსთავი 2“-მა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან იმ სართულზე, სადაც ვიდეოა გადაღებული, საელჩო არ არის განთავსებული.
„მოქალაქეები, რომლებიც საუბრობდნენ სიუჟეტში, ორივე მათგანი იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არცერთს ამ პროცესში პრობლემები არ შექმნია და არ მოუმართავს საკონსულო დაწესებულებისთვის დახმარების თხოვნით“, – აცხადებენ საელჩოში.
მათივე ცნობით, როგორც საელჩო, ასევე საკონსულო გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში უწევენ დახმარებას.