„მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან კილომეტრიან ღობეს ავლებენ. ეს პროცესი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ ბალთაში, რომელიც ატოცს ესაზღვრება, პირველი ნოემბრიდან განახლდა და მისი მიზანი „სახელმწიფო საზღვრის“ პრობლემური მონაკვეთების დაცვაა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების სამუშაოები ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ.