weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„უნდა გვეყოს ძალა, ერთმანეთის ტკივილის და საერთო უსამართლობის გაგება შევძლოთ“

15:55 პარასკევი, 09 ნოემბერი 2018

„უსამართლობა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, დღეს გვყოფს. ტკივილი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, დღეს პოლიტიკურად გამოყენებულია. ერთობა, რომელმაც საზოგადოებად უნდა გვაქციოს, დარღვეულია“, – ამბობს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თბილისში გამართულ მსვლელობასთან დაკავშირებით.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მსვლელობის დღე, 7 ნოემბერი, მისთვის და მისი ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოცდილება იყო.

„ვუყურებდი პოლიციის კორდონის სხვადასხვა მხარეს მდგომ შვილმკვდარ მშობლებს და ვწუხდი, რომ ჩვენი საზოგადოება ამ მდგომარეობამდე მივიდა. მინდოდა კორდონის გარღვევა და ამ ადამიანებისთვის და ჩემი თავისთვის კითხვა: როგორ შეიძლება აქამდე მივსულიყავით? მაგრამ ამ დაძაბულ გარემოში ამის თქმა და გაკეთება ვერ მოვახერხე. არ ვიცოდი ვინ როგორ გამიგებდა. სიტყვების თავმოყრაც გამიჭირდა.

მე სამართლიანობის ბრძოლაში მხოლოდ თემირლანის დაკარგვის გამო ჩავერთე. ცხადია, ჩვენს ხალხს ჩეჩნეთში ომის დიდი ტკივილი და მეხსიერება აქვს. მაგრამ ის ჩვენი წარსულის ნაწილია. ყოველდღიურობაში უსამართლობაზე ჩემი ხედვა შეიძლება ესეთი ფხიზელი არ იყო. მაგრამ თემირლანმა ყველაფერი შეცვალა.

დღეს ჩემი ბრძოლა თემირლანისთვის მიძღვნილი ბრძოლაა მხოლოდ. მაგრამ ამ ტრაგედიამ და ბრძოლამ უსამართლობა, როგორც ყველას საერთო პრობლემა, დამანახა.

ამ პერიოდში უამრავ ადამიანს შევხვდი, რომელსაც სხვადასხვა დროს და ხელისუფლებების დროს შვილი მოუკლეს, უკანონოდ დასაჯეს, გააღარიბეს, ადამიანობა და ღირსება წაართვეს. ამიტომ დღეს მე სამართლიანობას ვხედავ და მოვითხოვ ყველასთვის და ყოველთვის.

მე მწუხარებას გამოვხატავ რობაქიძის, გირგვლიანის და სხვა მოკლული ბიჭების ოჯახების მიმართ. მათი მკვლელობა წინა ხელისუფლების დანაშაული და მძიმე შეცდომა იყო და მე ეს მესმის. მათი ტკივილი ჩემი ტკივილია. ჩემი ტკივილი კი მათი ტკივილი უნდა გახდეს. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს.

ზაზას და მე არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა იმიტომ მოვითხოვეთ, რომ თავად ამ სისტემამ ჩვენს მიმართ სამართლიანობის აღდგენის ნება არ აჩვენა და ჩვენ მისი იმედი და ნდობა სრულად დავკარგეთ. ეს იმედი წინა ხელისუფლების დროს დაკარგეს სხვებმა.

მაგრამ დღეს ჩვენი პოლიტიკური რეალობა ისეთია როგორიც არის: ორად გაყოფილი და მტრული. ჩვენ ამ რეალობის მსხვერპლები ვართ და გამოსავალი თითქოს არც ჩანს. უბრალოდ, ყველას მინდა ესმოდეს, რომ ზაზას და ჩემი ეს ბრძოლა ინტერესის ბრძოლა არ არის. ეს უიმედო და სიცოცხლეწართმეული ადამიანების ბრძოლაა, რომელსაც სისტემამ სხვა გზა არ დაუტოვა. შეიძლება ეს გზა მარცხიანია, მაგრამ სხვა გზა ჩვენ ამ რეალობამ არ დაგვიტოვა. შეიძლება ბრძოლების გზები ერთმანეთს გავუკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვეყოს ძალა ერთმანეთის ტკივილის და საერთო უსამართლობის გაგება შევძლოთ. იქნებ მანდ არის გამოსავალიც“, – აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოძრაობამ „არა ნაციზმს“ გამართა. მსვლელობის მონაწილეებმა მოსახლეობას მოუწოდეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის გააქტიურდნენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უარი უთხრან.

მსვლელობის ორგანიზატორებს შორის იყო 2004 წელს პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, რომელმაც მსვლელობა პარლამენტთან იმ ადგილზე შეაჩერა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მესამე თვეა მშვიდობიან აქციას მართავენ. მეტრეველმა შვილმოკლულ მამებს სამძიმარი გამოუცხადა და თქვა, რომ „ეს ყველაფერიც მომდინარეობს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმიდან, როდესაც ბავშვები მთელი ცხრა წელი აგრესიის მეტს არაფერს უყურებდნენ“.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, სპეცრაზმმა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, საკუთარ სახლში, საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრა. თემირლანი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, თუმცა ათი თვის შემდეგ პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

16 წლის დავით სარალიძე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დაჭრეს. ამ დრომდე უცნობია, ვინ მიაყენა მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა.

შვილმოკლულმა მამებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 10 სექტემბერს დაიწყეს. ისინი მათი შვილების საქმეების ობიექტურ გამოძიებას და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]