შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე და მისი დედა, მარინა ბეგაძე. ამ დროისთვის ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„კალაძე მე მომიწოდებს, რომ ჩვენ და მოსახლეობას შორის რამე არ მოხდეს. ჩვენ შორის კი არაფერი მოხდება, პოლიცია გააჩეროს. უკანონოდ რომ გვარბევენ, ის ნაძირლები გააჩეროს, რომ გადაგვთელეს და გადაგვიარეს. ვიდრე ჩემ სისხლს არ დაღვრიან, ან ჩემი შვილის მკვლელები და საქმის გამყალბებლები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, მანამდე აქ ვიქნებით“, – განაცხადა სარალიძემ ვიდრე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანდნენ.
სარალიძემ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი გახდეს, მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს.
ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – თქვა ზაზა სარალიძემ.
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ კარვების გაშლა მოახერხეს. ისინი ღამეს კარავებში გაათევენ.
პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. მათ აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ გუშინ, მას შემდეგ დაანონსეს, რაც თბილისის მერიამ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს საახალწლო ნაძვის ხის დადგმის საბაბით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება და აქციის სხვა ადგილზე გაგრძელება სთხოვა.