„11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო სვეტიცხოველში ვიზიტორებს არ უშვებდნენ. ერთ-ერთმა თვითმხილველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბერამ „სვეტიცხოველი დახურა“ და „მოკვდავები გამოაბრძანეს“.
ჯვრისწერას გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. როგორც მან თქვა, ოლიგარქის შვილის ქორწილის გამო მთელი მცხეთა ევაკუირებული იყო და სვეტიცხოვლიდან მლოცველები გამოყარეს.
„გილოცავთ, ბატონო ივანიშვილო, შვილის გაბედნიერებას, მაგრამ ეს ფეოდალური სამფლობელო არ არის. ჩვენი სამშობლოა. სვეტიცხოველი ყველას ეკუთვნის, არ დაკეტილა ამდენი წლის განმავლობაში. ვინ მისცა ამათ უფლება სვეტიცხოვლის დაკეტვის და მლოცველების არ შეშვების, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს.
ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს ფეოდალიზმია. არავითარი პრივილეგია არავის, თუ ეს პრივილეგია არ ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. არ გვაინტერესებს ვის რამდენი აქვს შვეიცარიულ ბანკში. სვეტიცხოველი და მცხეთა უკუთვნის ყველას, ევაკუაცია თუ გნებავთ, გაუკეთეთ თქვენს პირად სახლს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ჯვირსწერას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ტელეკომპანია „პირველი“. ჟურნალისტები ცერემონიას ტაძრის შესასვლელიდან ადევნებდნენ თვალს.