როგორც კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქების შედეგად მესამე სართულიდან ფილა მეორე სართულზე ჩამოვარდა. მისივე თქმით, სამშენებლო ფილა რთული კონსტრუქციაა, რომლის აწევა სპეცტექნიკის საშუალებით უნდა მოხდეს.
„მესამე სართულზე აფეთქების დროს ოჯახის წევრები, ცოლი-ქმარი და შვილი იმყოფებოდნენ, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ საპატრულო და სამაშველო სამსახურები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ძებნა, კიდევ ხომ არ არიან დაშავებულები და დაზიანებულები. სულ საავადმყოფოში ოთხი პირია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც სამშენებლო ფილა ჩავარდა, იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
აფეთქება ზემო ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი იყო დაშავებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ჩვილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა ადგილები აქვთ დამწვარი.
აფეთქების შედეგად რამდენიმე ბინა და კორპუსის ეზოში გაჩერებული ავტომობილები დაზიანდა.