weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-ი ადასტურებს, რომ მათი თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

12:21 კვირა, 18 ნოემბერი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამავე უწყების თანამშრომლის, ოთარ გაბუნიას დაკავების თაობაზე „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სუს-ის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მედიით დასახელებული პირები, კერძოდ, სუს-ის თანამშრომელი ოთარ გაბუნია და ადვოკატი ირაკლი გაფრინდაშვილი სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2 ოქტომბერს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირების შესახებ. სიუჟეტში საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული პირები, აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავა და ორივე მათგანი ამჟამადაც საპატიმროში რჩება. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე ვავრცელებთ დამატებით ინფორმაციას. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ გ. და ირაკლი გ. წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ სუს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს.

ინფორმაცია სუს-ის მაღალჩინოსნების დაკავების თაობაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 17 ნოემბერს გაავრცელა. მათი წყაროს ცნობით, 2018 წლის გაზაფხულზე საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით ინტერპოლის მიერ ძებნილი ძმები ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვები შემოვიდნენ, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის ეძებდა და მათ რამდენიმე მილიონის მითვისებაში ადანაშაულებდა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, გლუშკოვები საქართველოში 6 თვე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებაზე პროკურატურის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ. ხოლო გადაწყვეტილების მიღებამდე მათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ თანხას სძალავდნენ. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ძმებმა თანხის გადახდაზე უარი თქვეს, რის გამოც 2 აგვისტოს დააკავეს და გლდანის ციხეში ჩასვეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გათავისუფლების სანაცვლოდ მაღალჩინოსნები გლუშკოვებს 300 ათას დოლარს სძალავდნენ, რაშიც მთავარი პროკურორის ორი მოადგილე - მამუკა ვასაძე და გიორგი გოგაძე მონაწილეობდნენ. „რუსთავი 2“-ის ცნობით, გლუშკოვების ოჯახსა და მთავარი პროკურორის მოადგილეებს შორის შუამავალი ოთარ გაბუნია იყო, ირაკლი გაფრინდაშვილი კი გლდანის ციხეში, გლუშკოვებთან მოლაპარაკებებისთვის შეუშვეს.

ამ საკითხზე გლუშკოვების ადვოკატი ლალი აფციაური ჟურნალისტებთან არ საუბრობს. გაბუნიას და გაფრინდაშვილის ინტერესებს კი ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს, რომელმაც „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ კლიენტებთან შეუთანხმებლად კომენტარს ვერ გააკეთებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]