„ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს - ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული. უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა“, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ვიდეო, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, 2017 წლის ივლისშია ჩაწერილი და ნაცვლიშვილის მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ასახავს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
ანონიმური წყარო, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, პოლიციელია, ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას. მისივე თქმით, ნაცვლიშვილმა საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა და ალკოტესტით შემოწმებაზე უარი განაცხადა. „რუსთავი 2“-ის წყაროს განცხადებით, როდესაც მან სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია ხელმძღვანელობას მიაწოდა, მისი გაშვების ბრძანება მიიღო.