მაჩალიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით იმედგაცრუებულია.
„საქართველოში არავის ეგონა, თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“ რომ მიაჩნიათ. ოღონდ ვინმეს ასიამოვნონ და თავს სამსხვერპლოზე ლანგრით მიიტანენ, მიართმევენ პირადი ამბიციებისა და გამდიდრების დაუოკებელი სურვილის გულისთვის“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, იძულებულია, არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს. მაჩალიკაშვილი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს:
„ჩვენთვის არცერთ მთავრობას კარგი არ მოუტანია... კარგად მახსოვს, შევარდნაძის დროს რა „სიკეთე“ მიიღო მარგოშვილების ოჯახმა, დაბალ გორაზე და ალაზანმშენის ხიდთან. არც ის მავიწყდება, როგორ დასრულდა ქავთარაშვილის ბედი.
არასოდეს დამავიწყდება „ნაცმოძრაობის“ დროს გუმაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია. ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება ლაფანყურის ამბები, რომლის წინაშეც ყველანი უძლურნი ვიყავით... მაგრამ ჩამოთვლილთაგან არცერთი მოუკლავთ ღამის 4 საათზე, საკუთარ ოჯახში, მძინარე და სიზმრებში წასული, გარდა თემირლანისა.
მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება ამ პარტიებმა, რადგან ხალხის უნდობლობის გამო, სხვა პარტიები ამ ბინძური თამაშიდან გავიდნენ. იძულებული ვხდები, „ნაცმოძრაობას“ დავუჭირო მხარი. ნათქვამია - წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინოს ქვეყანაზე. თუ არ დამიჭერთ მხარს, ამ „ქოცებს“ მაინც ნუ მისცემთ ხმას“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, პანკისში სულ 4685 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა 1963-მა ამომრჩეველმა მიიღო. აქედან სალომე ზურაბიშვილს ხმა 855-მა ადამიანმა მისცა, 524 ხმა დააგროვა გრიგოლ ვაშაძემ, 154 ხმა დავით ბაქრაძემ და 249 ხმა შალვა ნათელაშვილმა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პანკისის ხუთი უბნიდან არჩევნები მხოლოდ სოფელ ომალოში წააგო.
ამ თემაზე:
„ქისტების სინდისსა და ნამუსზე იყოს პანკისში ზურაბიშვილის გამარჯვება“