weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იძულებული ვხდები „ნაცმოძრაობას“ დავუჭირო მხარი – მალხაზ მაჩალიკაშვილი

14:56 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ქისტებს მიმართავს და მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმა არ მისცენ.

მაჩალიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით იმედგაცრუებულია.  

„საქართველოში არავის ეგონა, თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“ რომ მიაჩნიათ. ოღონდ ვინმეს ასიამოვნონ და თავს სამსხვერპლოზე ლანგრით მიიტანენ, მიართმევენ პირადი ამბიციებისა და გამდიდრების დაუოკებელი სურვილის გულისთვის“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, იძულებულია, არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს. მაჩალიკაშვილი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს:

„ჩვენთვის არცერთ მთავრობას კარგი არ მოუტანია... კარგად მახსოვს, შევარდნაძის დროს რა „სიკეთე“ მიიღო მარგოშვილების ოჯახმა, დაბალ გორაზე და ალაზანმშენის ხიდთან. არც ის მავიწყდება, როგორ დასრულდა ქავთარაშვილის ბედი.

არასოდეს დამავიწყდება „ნაცმოძრაობის“ დროს გუმაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია. ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება ლაფანყურის ამბები, რომლის წინაშეც ყველანი უძლურნი ვიყავით... მაგრამ ჩამოთვლილთაგან არცერთი მოუკლავთ ღამის 4 საათზე, საკუთარ ოჯახში, მძინარე და სიზმრებში წასული, გარდა თემირლანისა.

მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება ამ პარტიებმა, რადგან ხალხის უნდობლობის გამო, სხვა პარტიები ამ ბინძური თამაშიდან გავიდნენ. იძულებული ვხდები, „ნაცმოძრაობას“ დავუჭირო მხარი. ნათქვამია - წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინოს ქვეყანაზე. თუ არ დამიჭერთ მხარს, ამ „ქოცებს“ მაინც ნუ მისცემთ ხმას“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, პანკისში სულ 4685 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა 1963-მა ამომრჩეველმა მიიღო. აქედან სალომე ზურაბიშვილს ხმა 855-მა ადამიანმა მისცა, 524 ხმა დააგროვა გრიგოლ ვაშაძემ, 154 ხმა დავით ბაქრაძემ და 249 ხმა შალვა ნათელაშვილმა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პანკისის ხუთი უბნიდან არჩევნები მხოლოდ სოფელ ომალოში წააგო.

 

ამ თემაზე:

„ქისტების სინდისსა და ნამუსზე იყოს პანკისში ზურაბიშვილის გამარჯვება“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]