„სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭიაშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და შეცდომით საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია, თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი, როდესაც იგი მონოზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ. დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო.
დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭომ დედა სიდონიას „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გადასცა. აღნიშნული ჯილდო პიროვნებებს და ორგანიზაციებს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადაეცემათ.