„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დათვალიერებულ იქნა მითითებული ადგილი და აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დაჭირდება, ზუსტად ვერ ვიტყვით,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 34 წლის იაგო ნებიერიძე 25 ოქტომბერს დააკავა. ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას ნახეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებიდან რამდენიმე დღეში, იაგო ნებიერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით [გარყვნილი ქმედება] დაუმძიმდა. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
იაგო ნებიერიძის დაკავების შემდეგ გორში მცხოვრებმა ხათუნა ბერძნიშვილმა განაცხადა, რომ ნებიერიძე, 14 წლის წინ, მისი 11 წლის შვილის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა. ბავშვი დღემდე დაკარგულია.