„აქციას თემირლანის ხსოვნის პატივსაცემად ვმართავთ. ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ 3 თვეა ქუჩაში ვართ, პარლამენტთან, საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ვითხოვთ. თემირლანი ხელისუფლებამ მოკლა, ზაზას შვილის მკვლელებსაც ხელს ხელისუფლება აფარებს. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, სპეცრაზმმა, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, საკუთარ სახლში, საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრა. თემირლანი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, თბილისის ცენტრში, 2017 წლის 1 დეკემბერს, ქუჩური გარჩევის დროს დაჭრეს. ლევანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავითი კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს დაიღუპა. სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მკვლელობის რეალურ ჩამდენებს მფარველობს.