„არაფრის გამო ამ სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს არის დანაშაული, რომელზეც ხელისუფლებაში, სისტემაში მყოფ ადამიანებს უჭირთ საუბარი, რადგან ამათ მოკლეს ბავშვი მშობლების წინ, საძინებელში მძინარე.
პირველივე დღიდან რასაც ვითხოვთ, რჩება ძალაში - სახელმწიფომ აღიაროს თემირლანის უდანაშაულობა და თავისი შეცდომა, დაისაჯონ გომელაური, გოგაშვილი, ჩიმაკაძე და დანარჩენები, ვინც ამ სისხლიან დანაშაულში არიან გარეულები, ვინც დანაშაულს ხელს აფარებენ.
სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება სისრულეში მოყვანილი, აქ ვიდგებით. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენს მიზანს მივაღწევთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პარლამენტთან აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი დემონსტრაცია ლოზუნგით „არა ნაციონალურ მოძრაობას“ მიმდინარეობდა, რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილმა კონტრაქცია უწოდა.
„ინაშვილო, შენ პანკისის ხეობაში იყავი, ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი. ყოჩაღ შენს ქალობას, დედობას. თუ ნამდვილი დედა ხარ, შენი ადგილი ჩემს გვერდით არის“, – აღნიშნა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.
პარლამენტთან აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართა. დღეს, 25 ნოემბერს, ის 20 წლის გახდებოდა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა. ის 10 იანვარს გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო.
პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.