„მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა“, – აღნიშნა მამა იოანემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
28 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 47% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო. ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. ზურაბიშვილმა 38.64% (615 433 ხმა) მიიღო, ვაშაძემ კი – 37.73% (600 970 ხმა). მეორე ტურში გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, ვისაც მეტი ხმა ექნება.