„ქალბატონო მედიკო, მე არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თქვენგან, რაც წავიკითხე. მორიგჯერ გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ სამართალი ჯერ ვერ იპოვეთ, მაგრამ იცოდეთ: მართალ კაცს, თუ მართალია... როცა მართალია, ეს სიმართლე არ დაეკარგება“, – წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე.
მისი თქმით, ის მუდმივად საჯაროდ მიმართავდა და მიმართავს ხელისუფლებას, რომ ითქვას სიმართლე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები.
„დღეს დილით [25 ნოემბერი] სარალიძეს პანაშვიდი გადავუხადე და თქვენი შვილის სახელზე, დაბადების დღისთვის რაც გასაკეთებელი იყო, თქვენი წესისამებრ, ისიც გაკეთდა. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ“, – ამბობს ირმა ინაშვილი.
გუშინ, თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. პარალელურად, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიმდინარეობდა, რამაც მაჩალიკაშვილების უკმაყოფილება გამოიწვია. მალხაზ მაჩალიკაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას კონტრაქცია უწოდა, ხოლო მედიკო მარგოშვილმა თქვა, რომ ინაშვილი პარლამენტის შენობასთან, მათ გვერდით უნდა მდგარიყო.
„ინაშვილო, შენ პანკისის ხეობაში იყავი, ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი. ყოჩაღ შენს ქალობას, დედობას. თუ ნამდვილი დედა ხარ, შენი ადგილი ჩემს გვერდით არის“, – აღნიშნა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.