ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. მან ამომრჩევლებს შეახსენა, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
ამასთან, ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
„ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათით“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით, პირდაპირი კენჭისყრის გზით ბოლოჯერ აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.