გიგა გელხვიძე ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მასზე თავდასხმის მიზეზი მისი საქმიანობა გახდა.
„ინციდენტის მიზეზი ვარ მე. არჩევნების პირველ ტურში აქ საკმაოდ ბევრი დარღვევა დავაფიქსირე. დღესაც ვცდილობ, რომ დავაკვირდე მოვლენებს, ავსახო თუკი რაიმე დარღვევა იქნება. ამ ადამიანებს ჩემი აქ ყოფნა არ სიამოვნებთ. მას შემდეგ, რაც დავაფიქსირე ჩემი არჩევანი და გამოვდიოდი უბნიდან, კარში დამხვდა ეს ქალბატონი, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი სოფელ დიმში. მან გამიკეთა კომენტარი, რაზეც არ მქონია კარგი რეაქცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცინიკური ნათქვამი. მას შესაბამისი პასუხი გავეცი. ამის შემდეგ, მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - მიწოდა ნაბიჭვარი, რაც რამდენჯერმე გაიმეორა. გავაფრთხილე, რომ პოლიციაში დავრეკავდი. ავკრიფე 112 და ამ დროს ეს ქალბატონი თმებში მწვდა“, – ამბობს გიგა გელხვიძე.
მისივე თქმით, პოლიციამ მომხდარზე რეაგირება საკმაოდ მალე მოახდინა: „დაიწერა შესაბამისი ოქმი და ვნახოთ, შემდგომში ამას რა მოჰყვება“.
დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.
საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით, პირდაპირი კენჭისყრის გზით ბოლოჯერ აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.