weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ახმეტაში, გურჯაანსა და ახალქალაქში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაფიქსირდა – საია

10:43 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 10:00 საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.

საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ამ დროისთვის მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დააფიქსირეს, მათგან 5 კახეთში, ორი კი ახალქალაქში. სალაძის ინფორმაციით, ყველა ამ შემთხვევაში საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა.

„ახალქალაქის №1 საარჩევნო უბანი – კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;

ახმეტის №4 საარჩევნო უბანი – ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელს;

ახმეტის №12 საარჩევნო უბანი – ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა.

გურჯაანის №19 საარჩევნო უბანი – ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელს აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიას“ 2926 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრიებული ცესკოში, ხოლო „კავშირი 21-ე საუკუნეს“- 3174 დამკვირვებელი.

ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალეს კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

საია-ს ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველთა ნების კონტროლი მიმდინარეობს.

„გლდანის №79, №80, №81 უბნები მდებარეობს ერთ შენობაში, რომლის ფოიეშიც მობილიზებულნი არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია. მითითებულ უბნებზე მისული ამომრჩევლები თავდაპირველ აღრიცხვას მათთან გადიან და ამის შემდგომ ხდება ამომრჩევლის შესვლა შესაბამის საარჩევნო უბანზე. აღნიშნული პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ. ანალოგიურად ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის №37-ე, №38-ე, №40-ე უბნებზე“, – აცხადებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციაში.

რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, საია-ს ინფორმაციით, დარღვევები გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს, საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნას და წილისყრის პროცედურებს უკავშირდება.

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ დაიწერა სულ ექვსი საჩივარი: სამი საჩივარი უბანზე, სამი საჩივარი კი ოლქში. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 3 შენიშვნა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებს თბილისსა და ცხრა რეგიონში 300 დამკვირვებლის საშუალებით აკვირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]