weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოჯახის წევრები თბილისიდან გაუჩინარებულ ორ უზბეკს ეძებენ

15:29 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

25 წლის კარიმჟონ კოდიროვს მისი მეუღლე და ადვოკატი ოც დღეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ. კოდიროვთან ერთად, თბილისიდან, 25 მაისს უზბეკეთის კიდევ ერთი მოქალაქე დაიკარგა, სახელად ახმედი. ისინი რამდენიმე დღით თბილისში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ბინა ჩეჩნეთის მოქალაქე ხასან უზაროვს ჰქონდა დაქირავებული. უზაროვი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. უზბეკეთის მოქალაქეების კვალიც ამის შემდეგ იკარგება.

კარიმჟონ კოდიროვის მეუღლე გულმირა აბსალამოვა ამბობს, რომ მისი მეუღლე რუსეთიდან საქართველოში, ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, 11 მაისს შემოვიდა.

„მე, ჩემი ქმარი და ორი პატარა შვილი დასვენების მიზნით რუსეთიდან თურქეთში, ანტალიაში მივდიოდით. მე და ჩემი შვილები რუსეთის მოქალაქეები ვართ, ჩემი ქმარი უზბეკეთის მოქალაქეა. მას უზბეკეთის ბიომეტრიული პასპორტი ჰქონდა. ბილეთები ტურისტულ სააგენტოში ვიყიდეთ. აეროპორტში საპასპორტო კონტროლისას მე და ბავშვები გაგვატარეს, ჩემ მეუღლეს კი უარი უთხრეს. განუმარტეს, რომ უზბეკეთის მოქალაქე რუსეთიდან პირდაპირ თურქეთში ვერ გაფრინდებოდა ვიზის გარეშე. ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჩასულიყო, ბათუმში და იქიდან წამოვიდოდა ანტალიაში. 11–ში მან დამირეკა, ჩვენ უკვე ანტალიაში ვიყავით. მითხრა, რომ ის ჩავიდა ბათუმში, მაგრამ ვერ მოახერხა ანტალიაში გადმოსვლა. მას უთხრეს, რომ სჭირდებოდა ვიზა, რომელიც უნდა მიეღო საელჩოში. ის წავიდა თურქეთის საელჩოში. მოგვიანებით, როცა დამირეკა, მან მითხრა რომ საელჩოს მიმართა და პრობლემას მოაგვარებდა“, – ამბობს გულმირა აბსალამოვა.

კარიმჟონ კოდიროვი მეუღლეს ბოლოს ტელეფონით 25 მაისს, 12:35 საათზე ესაუბრა. ამის შემდეგ გულმირა აბსალამოვა მას ვეღარ უკავშირდება. კარიმჟონის ტელეფონი გამორთულია. „მე მას კარგად ვიცნობ. როცა ჩვენ რუსეთიდან ანტალიაში გამოვფრინდით, ის სისტემატურად გვირეკავდა. 25 მაისს, 12:35 საათზე, ვოტსაპით დაგვირეკა მან საბოლოოდ. ის იყო სახლში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, ერთ–ერთი ჩეჩენის მიერ დაქირავებულ ბინაში. ამის შემდეგ ის დაიკარგა. როცა ჩემი ქმარის ძებნა დავიწყე, მე ველაპარაკე იმ ჩეჩენის ადვოკატს, დიანა ჰქვია. მან მითხრა, რომ მხოლოდ ხასანი იყო დაკავებული. ის 2 უზბეკი კი დაკითხეს და გაათავისუფლესო. თუ გაათავისუფლეს, სად წავიდა ჩემი ქმარი?“

გულმირა აბსალამოვას განცხადებით, მის მეუღლეს არასდროს ჰქონია პრობლემები სამართალდამცავებთან არც უზბეკეთში და არც რუსეთში, სადაც, ქალაქ ნიჟნევარტოვსკში ოჯახი 7 წელია ცხოვრობს:

„რა ხდება თქვენს ქვეყანაში, რომ სტუმრები ასე იკარგებიან? 26 დღე გავიდა უკვე რაც ჩემი ქმარი დაიკარგა და მის კვალს ვერ მივაგენით. დაუბრუნეთ ოჯახს მამა“.

კითხვაზე, სად გაიცნო მისმა მეუღლემ უზბეკეთის მოქალაქე, სახელად ახმედი და ჩეჩნეთის მოქალაქე ხასან უზაროვი, ვისთან ერთადაც რამდენიმე დღით, თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რა აკავშირებდათ მათ? გულმირა აბსალამოვა ამბობს: „მეორე უზბეკის გვარი მე არვიცი, მე მხოლოდ მისი სახელი ვიცი, ახმედი. სად გაიცნო ის ჩემმა ქმარმა, არვიცი. მას არ ჰყავდა ცოლ–შვილი, როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა. რაც შეეხება მშობლებს, არვიცი მას მშობლები ცოცხლები ჰყავს თუ არა. შესაძლოა მათ ვინმე საერთო მეგობარი ჰყავთ და ასე მოახერხეს ჩეჩენთან დაკავშირება, რომელმაც ისინი დროებით შეიფარა“.

კარიმჟონ კოდიროვის ადგილსამყოფელის დადგენით მიზნით საქმეში ადვოკატი დავით ჩიხრაძეც არის ჩართული. „თითქმის ყველგან მოვძებნე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საავადმყოფოებში, პროზექტურაში, პოლიციის განყოფილებებში, იზოლატორებში. ამ სახელითა და გვარით ვერსად მივაგენი. წერილობით მივმართე სასაზღვრო პოლიციას, კარიმჟონ კოდიროვს საზღვარი ხომ არ აქვს გადაკვეთილი. ჯერ პასუხი არ მიმიღია. ამიტომ არ მიმიმართავს პოლიციისთვის, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენაში ჩართულიყვნენ. მე თვითონაც შევხვდი დაკავებულ ჩეჩენს, ხასან უზაროვს ციხეში. მან მითხრა, როცა მე დამაკავეს, გამომძიებელს ვკითხე, რა ბედი ეწევათ მეთქი უზბეკებს. გამომძიებელს უთქვამს, რომ ისინი უკვე საქართველოში აღარ არიანო“, – აღნიშნავს ადვოკატი დავით ჩიხრაძე.

იგივე ინფორმაცია აქვს უზაროვისგან მის ადვოკატს დიანა ფირუმიანსაც, რომელიც მას სახაზინო წესით იცავს: „უზაროვმა მითხრა, გამომძიებელს უზბეკების შესახებ ვკითხე და მიპასუხა, რომ ისინი გამოკითხეს და საქართველოდან წავიდნენო. მათი დაკავების შესახებ უზაროვის საქმეში ინფორმაცია არ არის“. უზაროვს გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვას ედავება. მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. კითხვაზე, სად გაიცნო უზაროვმა უზბეკები, ადვოკატი ფირუმიანი ამბობს: „როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მითხრა, თბილისში მყოფი უზბეკების დროებით შეფარება მას თურქეთში მცხოვრებმა უზბეკებმა სთხოვეს. ორივე უზბეკს დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სუს–ს კარიმჟონ კოდიროვი და მასთან ერთად მყოფი პირი არ დაუკავებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]