გამოცემა „ლიბერალთან“ ინტერვიუში თათია ჩაფიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებული მოქალაქეების გადაღებას ცდილობდა.
„ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით საათი-საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ პროცესებს.
ჩავრთე ტელეფონი და ავუხსენი, რომ ვიყავი ჟურნალისტი და მაინტერესებდა რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ ადგილზე. მიპასუხეს, რომ „ნაციონალების“ ამოსაძირკვად იყვნენ მოსულები და სწორედ ამ მიზნით იყვნენ ამდენი ხნის განმავლობაში უბანთან.
ჩემმა კითხვებმა ისინი გააღიზიანა, მითხრეს, რომ ვიყავი უზრდელი, არ მქონდა გადაღების უფლება, უნდა გამომერთო ვიდეო და ამ პირობის შეუსრულებლობის გამო სცადეს და შეასრულეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სახეში მომარტყეს ორჯერ ხელი და ტელეფონის წართმევა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს ამის გაკეთება“, – ამბობს თათია ჩაფიძე.
მისივე თქმით, მომხდარის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.