weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სავარაუდო გაყალბება, მოსყიდვა და ნების კონტროლი – საია კენჭისყრის დღეს აფასებს

14:52 ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, დაფიქსირდა არსებითი დარღვევები და მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტები, ასევე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევები.

საია-ს განცხადებით, მათ დამკვირვებლებს ცალკეულ უბნებზე დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა შეეზღუდათ, დაფიქსირდა მათ მიმართ აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარის ფაქტები, როგორც ხმის მიცემის პროცესში, ასევე შედეგების შეჯამებისას.

საია-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევებია:

სავარაუდო გაყალბების ფაქტები და განმეორებით ხმის მიცემის მცდელობები

საიას-ს განცხადებით, სავარაუდო გაყალბება მარნეულის 49-ე საარჩევნო უბანზე გამოავლინეს, განმეორებით ხმის მიცემის მცდელობები კი წალენჯიხის მე-11 და ოზურგეთის მე-7 საარჩევნო უბნებზე. მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის ფაქტები მარნეულის 48-ე, 13-ე და მე-11 უბნებზე დაფიქსირდა.

 

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და მუქარა

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მათმა დამკვირვებლებმა ამომრჩევნლის სავარაუდო მოსყიდვის ორი ფაქტი ხობის მე-15 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. სავარაუდო მუქარას კი ზუგდიდის 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ჰქონდა ადგილი.

 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალქალაქის პირველ, ახმეტის მე-4 და მე-12, გურჯაანის მე-19, წალენჯიხის მე-15, ზუგდიდის მე-53 საარჩევნო უბნებზე, კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა.

კაბინაში ფოტოგადაღების ორი ფაქტი დაფიქსირდა ახალქალაქის მე-4 საარჩევნო უბანზე.

 

ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა და მობილიზების ფაქტები

საია-ს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზეც გაგრძელდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიებზე ამომრჩევლის ნების კონტროლის ტენდენცია, რა დროსაც ხდებოდა უბანზე მისულ ამომრჩეველთა აღრიცხვა/მობილიზება.

„ამ ტიპის დარღვევები დაფიქსირდა გლდანის 79-ე, მე-80, 81-ე; ნაძალადევის 37-ე, 38-ე, მე-40; სამგორის მე-7, მე-9 32-ე, 34-ე, 39-ე და მე-40; კრწანისის მე-3; წალენჯიხის მე-15; ზუგდიდის 73-ე და 106-ე; დუშეთის 49-ე საარჩევნო უბნებთან;

ამომრჩევლის ტრანსპორტით მობილიზების ფაქტები დაფიქსირდა დუშეთის ოლქის ცალკეულ უბნებზე, ასევე, ხობის მე-14 და მე-15 უბნებთან. ამომრჩევლის მობილიზება შეიმჩნეოდა ხობის მე-15 უბნის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლში“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.

 

საია-ს დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობი

საია-ს განცხადებით, მათი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტს ადგილი ჰქონდა ისნის 62-ე უბანზე, აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის ფაქტები კი ახალქალაქის მე-20, მარნეულის 65-ე და 49-ე, ასევე ქუთაისის 98-ე საარჩევნო უბნებზე იყო.

საიას დამკვირვებლები გააძევეს გურჯაანის პირველი და მე-15 საარჩევნო უბნებიდან.

 

ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი

საია-ს ინფორმაციით, ბიულეტენების დათვლისას, წალენჯიხის 10-ე უბანზე 19 ბიულეტენის ბათილობა გამოიწვია მასზე რეგისტრატორის ხელმოწერების არარსებობამ. აღნიშნულთაგან ორ შემთხვევაში შემოხაზული იყო ნომერი 48, ხოლო დანარჩენ 17 შემთხვევაში - ნომერი 5. საიას დამკვირვებელმა მოითხოვა რეგისტრატორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაბნის მე-2 უბანზე ბათილად იქნა მიჩნეული 5 ბიულეტენი, მიუხედავად იმისა, რომ მასში ცალსახად იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება. საიას დამკვირვებელმა ბათილი ბიულეტენების ხელახალი გადათვლა და კომისიის შესაბამისი წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.

საია აცხადებს, რომ ქუთაისის 98-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ინგა აშვეთია ხმების დათვლის ეტაპზე უხეშად არღვევდა კომისიის წევრის ეთიკის ნორმებს, კერძოდ, ხმების დათვლის დროს იმ ბიულეტენის აღმოჩენის შემდეგ, რომელზეც შემოხაზული იყო 48, ხმამაღლა გამოთქვამდა სიხარულის/კმაყოფილების შეძახილებს.

„აღნიშნულზე მას საიას დამკვირვებლმა მიუთითა, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებელს დაემუქრა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჰქონდა ფიზიკური ძალადობის მცდელობაც“, – აღნიშნავს საია.

მათივე ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაულუქავი ჩანაწერთა წიგნი მიიტანეს ჩუღურეთის 13-ე; ისნის 43-ე და 48-ე; გლდანის მე-10, მე-12, მე-19, 32-ე, 58-ე, 103-ე საარჩევნო უბნებიდან. ასევე დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნის არასათანადოდ დალუქვის ფაქტები გლდანის 21-ე, 34-ე, 69-ე და 81-ე საარჩევნო უბნებზე. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს ისნის მე-9 საარჩევნო უბნის ბეჭედი.

ამ დროისთვის საია მარნეულის 59-ე უბნის გარეთ მომხდარი დაპირისპირების ფაქტს სწავლობს, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

საქართველოს სახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოვლენილ სხვა ტენდენციებს შორის მოხვდა გადასატანი ყუთის სიის შედგენის პრობლემა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ნეიტრალური დაკვირვების პრინციპების დარღვევა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს მათ შეტყობინებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერ რეაგირებას.

კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით სულ 78 საჩივარი დაწერეს. მათ შორის 36 საჩივარი უბანზე და 42 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებში. საიას დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში 35 შენიშვნა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]