საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და ნორმებს არღვევდა.
„ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით.
არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა.
ბევრი თვალსაზრისით ამ არჩევნებმა პრეზიდენტის არჩევაზე უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის. საარჩევნო დისკურსმა - მედიის ხელშეწყობით - ამომრჩევლების უკიდურესი გახლეჩვა გამოიწვია და მათ არჩევანის გაკეთება „სააკაშვილის სისხლიან ცხრა წელსა“ (რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკავშირდება) და „მილიარდერი ოლიგარქის კორუმპირებულ, უუნარო მმართველობას“ (რომელიც ყოფილ პრემიერ მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, უკავშირდება) შორის შესთავაზა. ამან საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომელსაც ამ ორი უკიდურესობიდან არცერთი მოსწონს, წართმეული პოლიტიკური არჩევანის განცდა დაუტოვა. ორივე კამპანიის ლიდერები აღიარებდნენ, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ნეგატიური, პოლარიზებული და ზიანის მომტანი იყო, მაგრამ ისინი ამაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ“, – ნათქვამია NDI-ის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს.