weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გავაკეთებთ მაქსიმუმს რომ სარალიძის საქმეზე დადგეს შედეგი, რომელსაც ოჯახი ელოდება – გახარია

17:37 შაბათი, 01 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ დადგეს ის შედეგი, რასაც ოჯახი და საზოგადოება ელოდება.

„ჩვენ პირველივე დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწრაფად მიგვეღწია შედეგისთვის ამ საქმის გამოძიებაში. არ გავიმეორებ ყველაფერ იმას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ითქვა კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრების დროს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და იყოს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება. იყოს ობიექტური და ნდობის მაღალ ხარისხს იმსახურებდეს. ამისთვის პოლიცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, თუმცა მესმის, რომ ეს არის ფუჭი სიტყვები მშობლებისთვის, მამისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა ჩვენს ქალაქში, ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირიდან ხორავას ქუჩამდე მსვლელობა გაიმართება.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს დაიღუპა.

სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ერთი მოზარდი 2 დეკემბერს დააკავეს, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა დავით სარალიძე.

სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მკვლელობის რეალურ ჩამდენებს მფარველობს. დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე რამდენიმე თვეა მისი შვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით თბილისში არაერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]