გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონის კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
„პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის ე.წ. ხამუთები, 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის მეპატრონის კუთვნილი ძაღლის მოწამვლის მიზნით მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღეს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.