ილია მეორემ 2 დეკემბერს მეხანძრე-მაშველები დალოცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საკვირაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 700 მეხანძრე-მაშველი ესწრებოდა.
„წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: ურთიერთ სიწმინდე, სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული ქრისტესი. რას ნიშნავს ეს? ჩვენ უნდა ვიტვირთოთ სიმძიმე ჩვენი ახლობლებისა თუ შორეული ადამიანისა. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ხედავს ყველა ადამიანს, ხედავს მის გაჭირვებას. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ვერ უძლებს ადამიანი იმ გაჭირვებასა და განსაცდელს, რომელიც მოდის მასზე და კარგავს იმედს. არასდროს უნდა დავკარგოთ იმედი. იმედი ეს არის მომავლის იმედი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ეკლესია გვაძლევს იმედს. ჩვენ უნდა ვეძიოთ გაჭირვებული ადამიანი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავუადვილოთ ადამიანს ცხოვრება. ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ადამიანები ვერ უძლებენ და თავს იკლავენ, ეს დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე. ასეთი იმედის მომცემნი ჩვენი მეხანძრეები არიან, რომლებიც ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრებიან. წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. ხშირი შემთხვევაა, როცა მეხანძრეები თვითონ ზიანდებიან, სიცოცხლეს სწირავენ. მე მინდა, შევთხოვო უფალს, დაგეხმაროთ. უფალმა დალოცოს ერი ჩვენი მშვიდობით“, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატები გადასცა.
რამდენიმე წლის წინ, ილია მეორემ მეხანძრე-მაშველებს წმინდა გიორგის ლეგიონის წოდება მიანიჭა.