ტელეკომპანიის ინფორმაციით, ზანდუკელის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება პოლიტიკოსის დედამ გამოიძახა. ადგილზე მისულ ექიმებს ნიკა რურუა გარდაცვლილი დახვდათ.
პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
„4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.
ნიკა რურუას პოლიტიკური კარიერა 2001 წელს დაიწყო. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ ის საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. 2009-2012 წელებში კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ნიკა რურუა 50 წლის იყო.