weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტთან გაშლილ კარვებში თბილისის მერიამ გათბობა დაამონტაჟა

11:03 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018
ფოტო: მამები სიმართლისთვის ფოტო: მამები სიმართლისთვის

თბილისში, პარლამენტთან გაშლილ კარვებში, სადაც შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ღამეს ათევენ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ელექტროგაყვანილობა და გათბობა დაამონტაჟა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მერიის სამსახურმა კარვებში ელექტროენერგიის გაყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აქციის მონაწილეებმა შეშის ღუმელი მიიტანეს.

„შეშის ღუმელი მოვიტანეთ, კარავი შეშით სავსეა. მერე მოვიდა პატრულის უფროსი და გვითხრა, რომ არ დაგვედგა, დენს გამოიყვანდნენ. რადგან დენი გამოჰყავთ და ადამიანური თვალით შემოგვხედა, მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, ვინც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არც დენი იქნებოდა და არც არაფერი. მან დაამყარა კომუნიკაცია თავის უფროსებთან, როგორც ჩანს, მერიასთან მივიდა ეს ჩვენი პირობა და დენი გამოგვიყვანეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილმკვდარ მამებს უბრალოდ გამართული ელექტროგაყვანილობა გაუკეთეს, რომ არ დაზიანებულიყვნენ და ამაში სატრაბახო არაფერია.

ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ აქციას 10 სექტემბრიდან მართავენ. ორი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ კარვის გაშლის უფლებას არ აძლევდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით, პარლამენტის წინ აქცია გაიმართა.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების საქმეების ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. შვილმკვდარი მამების განცხადებით, აქციას მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]