weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო იქნება

12:10 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო იქნება. კანონის მიზანი იმუნიზაციის გლობალური მოცვის საშუალებით მოსახლეობის დაცვაა, მათ შორის წითელას გავრცელების საშიშროებისგან.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის პროცესში სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა. ვაქცინით მართვადი დაავადებების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად სავალდებულო უნდა გახდეს სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრების მოთხოვნა. კანონის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკაში (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ისლანდია, ნორვეგია და სხვა) გავრცელებულია.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეისთვის, საქართველოში მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია. ვაქცინაციაზე მოთხოვნას ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და მის მიმართ უნდობლობა; ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.

„ვაქცინაციის საშუალებით 2000-2016 წლებში წითელათი გარდაცვალების შემთხვევები 84%-ით შემცირდა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით 20 მილიონზე მეტი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით მსოფლიოში ყოველწლიურად 2.5 მილიონამდე ბავშვის, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით 600 000 ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი.

ვაქცინაციით მართვადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა წარმოდგენა, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა.

თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევის და აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში. აღნიშნულის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია 2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება (11 000 შემთხვევა, 3 გარდაცვალება). ავადობის ტვირთი ძირითადად 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოვიდა, რაც ადასტურებს ამ ასაკობრივი ჯგუფების არაიმუნურობას.

2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წლის მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ მიაღწია 864-ს, შემთხვევების 11% მოდის 1 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე, ხოლო 50% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონის მიღების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები არ გამოიყოფა. იმუნიზაციის პროგრამა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანი ვაქცინაციით მართვადი ინფექციებისაგან მოსახლეობის დაცვაა. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. თანხა გათვლილია ყველა შესაძლო ბენეფიციარზე, მაგრამ აცრაზე ყველა არ მიდის. პროგრამის ბიუჯეტი 22 400 ათასი ლარია.

2017 წლის მონაცემებით ასაცრელი კონტინგენტი ასაკობრივად შეადგენდა:

0-1 წლამდე - 53 146 ადამიანი;

1 წლის - 52 387 ადამიანი;

18 თვის ასაკის - 52 087 ადამიანი;

5 წლის ასაკის - 53 103 ადამიანი;

14 წლის ასაკის -38 183 ადამიანი.

ყოველწლიურად გეგმიურად ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა დაახლოებით 248 906 ადამიანს შეადგენს, ხოლო ყოველწლიურად დაახლოებით 884 754 აცრა უნდა ჩატარდეს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აცრას არ იტარებს სავარაუდოდ 4%-დან 25%-მდე ადამიანი. მაგალითად, ერთ წლამდე ასაკში აუცრელია კონტინგენტის 5%, ხოლო 14 წლის ასაკში აცრას არ იღებს კონტინგენტის 20-25%.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ამ დროისთვის 10 ვაქცინა შედის:

  1. ბცჟ (ასაკი:0-5 დღე);
  2. B ჰეპატიტი (ასაკი: 0-12 საათი);
  3. ჰექსა (ასაკი: 2, 3, 4 თვე);
  4. პოლიომიელიტი ორალური (ასაკი: 18 თვე, 5 წელი);
  5. დიფთერია - ტეტანუსი - ყივანახველა (ასაკი: 18 თვე);
  6. დიფთერია - ტეტანუსი (ასაკი: 5 წელი);
  7. ტეტანუსი - დიფთერია (ასაკი: 14 წელი);
  8. წითელა - წითურა - ყბაყურა (ასაკი: 12 თვე, 5 წელი);
  9. როტავირუსული (ასაკი: 2, 3 თვე);
  10. პნევმო (ასაკი: 2, 3, 12 თვე).

მიღებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა განახორციელონ ღონისძიებები სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]